მსოფლიო ენერგეტიკაში მწვანე ენერგია ერთდროულად ეკონომიკური ინვესტიციის, ენერგოუსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა. მზის, ქარის, ჰიდრო და სხვა განახლებადი ენერგიის პროექტებში კაპიტალის ზრდა აჩვენებს, რომ სექტორი მხოლოდ ეკოლოგიურ ინიციატივად აღარ განიხილება - ის გლობალური ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.

2024 - 2026 წლებში მსოფლიოში განახლებად ენერგიაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა დაახლოებით 807 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ თანხის 96% ელექტროენერგეტიკის სექტორზე მოდიოდა, ხოლო მზის ენერგეტიკაში ინვესტიციამ დაახლოებით 554 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამავე დროს, ინვესტიციების განაწილება არათანაბარია - დაახლოებით 90% განვითარებულ ეკონომიკებსა და ჩინეთში იყო კონცენტრირებული. 

რატომ იზრდება ინვესტიცია მწვანე ენერგიაში?

ინვესტორებისთვის განახლებადი ენერგეტიკის მიმზიდველობას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მზისა და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეკონომიკა გაუმჯობესდა. ამასთან, ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი გახდა ენერგიის ადგილობრივი წყაროების განვითარება და იმპორტირებულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირება.
2024 -2026 წლებში მსოფლიოში დამატებული ელექტროენერგეტიკული სიმძლავრის 92.5% განახლებად ენერგიაზე მოდიოდა. ერთ წელიწადში განახლებადი სიმძლავრე დაახლოებით 585 GW-ით (ელექტროსადგურების საერთო დადგმულ სიმძლავრეს ერთ წელიწადში 585 გიგავატი) გაიზარდა. 
ინვესტიცია მხოლოდ ელექტროსადგურის აშენებას არ ნიშნავს. თანამედროვე პროექტებში თანხები ხმარდება ელექტროგადამცემ ქსელებს, ქვესადგურებს, ენერგიის შენახვის სისტემებს, გზებს, ტექნიკურ ინფრასტრუქტურასა და ქსელთან მიერთებასაც.

გავლენა გარემოზე.

მწვანე ენერგიის მთავარი გარემოსდაცვითი უპირატესობა ისაა, რომ ქარისა და მზის ელექტროსადგურები მუშაობის პროცესში ელექტროენერგიის მისაღებად ნახშირს, ნავთობს ან ბუნებრივ აირს არ წვავენ. შედეგად, მათი ოპერირებისას სათბურის გაზების პირდაპირი ემისიები ძალიან დაბალია. თუმცა „მწვანე“ არ ნიშნავს გარემოზე ნულოვან ზემოქმედებას. ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას შეიძლება ახლდეს მიწის გამოყენება, მისასვლელი გზების მოწყობა, ლანდშაფტის ცვლილება, ხმაურისა და ჩრდილის ეფექტები და გარკვეულ ადგილებში ფრინველებსა და ღამურებზე ზემოქმედების რისკი. მზის დიდი ელექტროსადგურები მიწის ფართობს საჭიროებს, ხოლო მზის პანელებისა და ბატარეების წარმოებას სჭირდება სხვადასხვა ნედლეულის მოპოვება, წარმოება და შემდგომში ნარჩენების მართვა. ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების ხასიათი განსხვავებულია და პროექტის მასშტაბზეა დამოკიდებული. კაშხლებმა და წყალსაცავებმა შეიძლება შეცვალოს მდინარის ბუნებრივი რეჟიმი, ეკოსისტემები და თევზების გადაადგილების პირობები.
ამიტომ პროექტის გარემოსდაცვითი შეფასება უნდა განხორციელდეს კონკრეტული ადგილის, ტექნოლოგიისა და პროექტის მასშტაბის მიხედვით და არა მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ენერგიის წყარო განახლებადია.

ინვესტიცია და გარემოს დაცვა ერთმანეთის წინააღმდეგ არ დგას.

თანამედროვე მიდგომა გულისხმობს, რომ პროექტის ეკონომიკური განვითარება და გარემოსდაცვითი მოთხოვნები დაგეგმვის ეტაპიდანვე უნდა იყოს დაკავშირებული.
ქარის ელექტროსადგურის შემთხვევაში, მაგალითად, მნიშვნელოვანია ტერიტორიის წინასწარი კვლევა, ქარის რესურსის შეფასება, ფრინველებისა და ღამურების მიგრაციის შესწავლა, დაცულ ტერიტორიებთან მიმართების განსაზღვრა, ხმაურის მოდელირება და ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაცია.
სწორად შერჩეული მდებარეობა ხშირად მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე შესაძლო უარყოფით გავლენას.

ეკონომიკური ეფექტი. 

მწვანე ენერგიის პროექტი ინვესტიციას მხოლოდ უშუალოდ ელექტროსადგურში არ ქმნის. მშენებლობის პერიოდში საჭიროა საინჟინრო სამუშაოები, ტრანსპორტირება, გზები, ელექტროინფრასტრუქტურა, სამშენებლო მომსახურება და სამუშაო ძალა.
ექსპლუატაციის პერიოდში კი იქმნება მოთხოვნა ტექნიკურ მომსახურებაზე, მონიტორინგზე, უსაფრთხოებაზე და სპეციალიზებულ პერსონალზე.
ამასთან, ეკონომიკური ეფექტის რეალური მოცულობა კონკრეტულ პროექტზეა დამოკიდებული - მის სიმძლავრეზე, ადგილობრივი კომპანიების ჩართულობაზე, დაფინანსების პირობებსა და იმაზე, თუ რამდენად დიდი ნაწილი რჩება ადგილობრივ ეკონომიკაში.

მსოფლიოს მიმართულება.

გლობალური ტენდენცია განახლებადი ენერგიის შემდგომ ზრდაზე მიუთითებს. IEA-ს შეფასებით, 2025–2030 წლებში მსოფლიოში განახლებადი ელექტროენერგიის სიმძლავრე დაახლოებით 4,600 GW-ით შეიძლება გაიზარდოს, ხოლო ამ ზრდის თითქმის 80% მზის ენერგეტიკაზე მოდის. ამავე დროს, მხოლოდ ახალი ელექტროსადგურების აშენება საკმარისი არ არის. მწვანე ენერგიის ზრდასთან ერთად აუცილებელი ხდება ელექტროგადამცემი ქსელების განვითარება, ბატარეების და სხვა ენერგიის შენახვის სისტემების დანერგვა და გენერაციისა და მოხმარების უკეთ დაბალანსება.
საბოლოოდ, მწვანე ენერგიაში ინვესტირება შეიძლება ერთდროულად ემსახურებოდეს ახალი ელექტროენერგიის გენერაციას, ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციასა და ემისიების შემცირებას, თუმცა პროექტის რეალური სარგებელი და გარემოზე გავლენა ყოველთვის კონკრეტული პროექტის დეტალური შეფასებით უნდა განისაზღვროს.