სომხეთი TRIPP-ის სატრანსპორტო პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურის დაპროექტების დაწყებისთვის ემზადება. სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები სიუნიქის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც პროექტირების დაწყებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები და შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.

21 ოქტომბერს რეგიონს სომხეთის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდატიანი და სხვა ოფიციალური პირები ეწვივნენ. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია 22 ოქტომბერს გავრცელდა. 

ამავე დღეს სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიამ მხარი დაუჭირა აშშ-სთან TRIPP-ის პროექტის ფარგლებში გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირებას. გადაწყვეტილებას ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთი კი წინააღმდეგი იყო.

TRIPP, რომელსაც „ტრამპის მარშრუტსაც“ უწოდებენ, სომხეთის გავლით აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო კავშირის შექმნას ითვალისწინებს.

სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ პროექტი ქვეყნის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის დაცვით განხორციელდება.
ამრიგად, ამ ეტაპზე საუბარია საპროექტო სამუშაოების მომზადებასა და შეთანხმების რატიფიცირების პროცესზე და არა უკვე დაწყებულ მშენებლობაზე.