კენიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდა. რელიგიური დაჯგუფების ლიდერი პოლ მაკენზი და მისი 28 თანამზრახველი 191 ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. დაღუპულთა შორის 190 ბავშვია.
Reuters-ისა და Associated Press-ის ინფორმაციით, მაკენზი რელიგიურ ორგანიზაციას „Good News International Church“ ხელმძღვანელობდა. გამოძიების თანახმად, ის მიმდევრებს არწმუნებდა, რომ უკიდურესი მარხვით სამოთხეში მოხვედრას შეძლებდნენ. სასამართლომ დაადგინა, რომ დაჯგუფებაში მოქმედებდა იძულებითი მარხვის ორგანიზებული სისტემა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა.
საქმე 2023 წელს გახმაურდა, როდესაც კენიის შაკაჰოლას ტყეში სამართალდამცველებმა მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს. გამოძიების ფარგლებში ტერიტორიიდან 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. მომხდარმა ქვეყანაში დიდი საზოგადოებრივი აღშფოთება გამოიწვია.
მაკენზი ბრალდებებს უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ მის მიმდევრებს მარხვას არავინ აიძულებდა. თუმცა სასამართლომ დაცვის მხარის ეს არგუმენტი არ გაიზიარა და ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
სასამართლოს გადაწყვეტილება 19 ოქტომბერს გამოცხადდა. პოლ მაკენზისა და მისი თანამზრახველებისთვის სასჯელის ზომა 6 ნოემბერს განისაზღვრება.
ამასთან, 191 მკვლელობის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, შაკაჰოლას ტყეში აღმოჩენილ დანარჩენ გარდაცვალების შემთხვევებზე გამოძიება გრძელდება.