თურქეთის ქალაქ სტამბოლში ძლიერმა წვიმამ მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

14 ოქტომბრის საღამოს დაწყებულმა ძლიერმა ნალექმა ქალაქის ქუჩები დატბორა. წყალმა ავტომობილები წაიღო, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

სტიქიის გამო ასობით ადამიანს მაშველების დახმარება დასჭირდა. ქალაქის ზოგიერთ რაიონში ნალექის რაოდენობამ ბოლო ათწლეულების რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია.

უსაფრთხოების მიზნით, 15 ოქტომბერს სტამბოლის სკოლებში სწავლა შეჩერდა. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე სახლიდან არ გავიდეს.

თურქეთის მეტეოროლოგიური სამსახური ძლიერი წვიმისა და ახალი დატბორვის საფრთხის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.