რუსეთიდან საქართველოში 425 000 აშშ დოლარის არადეკლარირებული ნაღდი ფულის გადმოტანის მცდელობის შესახებ რუსული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოსა და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა თანხა საქართველოში მიმავალ მსუბუქ ავტომობილში აღმოაჩინეს.

მძღოლი ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილდებოდა. რუსეთის შესაბამისი უწყების ცნობით, მან საბაჟო კონტროლისას ნაღდი ფული არ დაადეკლარირა.

ამოღებული თანხა ექსპერტიზაზე გაიგზავნა, რის შემდეგაც შესაბამისი საპროცესო გადაწყვეტილება მიიღება.

რუსული მხარე არ აკონკრეტებს მძღოლის მოქალაქეობას. ასევე უცნობია, რა მიზნით გადაჰქონდა მას თანხა.

შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე რუსეთის შესაბამისი უწყებების განცხადებას ეფუძნება.