პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ნანა ყეინიშვილის ეროვნული ბანკის საბჭოდან შესაძლო გადაყენებაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს. მისი განცხადებით, საბოლოო შეფასებების გაკეთებამდე გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდონ.
BMG-ის კითხვაზე, განიხილავს თუ არა პარლამენტი ყეინიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას, კვიჟინაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ბრალის წაყენება ან ვინმეს დადანაშაულება არასწორი იქნება.
„მე ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება“, აღნიშნა კვიჟინაძემ.
მან ასევე განმარტა, რატომ დაუჭირა პარლამენტმა თავის დროზე მხარი ყეინიშვილის ეროვნული ბანკის საბჭოში არჩევას. მისი თქმით, საბჭოში წევრების ნაკლებობის გამო ეროვნული ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე ემუქრებოდა და პარლამენტს სხვა გამოსავალი პრაქტიკულად არ ჰქონდა.
რაც შეეხება ყეინიშვილის შესაძლო გადაყენებას, კვიჟინაძის განცხადებით, ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ საუბარი შეუძლებელია, რადგან საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, 9 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ საბჭოს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, ნანა ყეინიშვილი დროებით აღარ მიიღებს მონაწილეობას გადაწყვეტილებების შემუშავებასა და მიღებაში. შეზღუდვა გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებამდე იმოქმედებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ყეინიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას არ ნიშნავს.