პარიზის მოდის კვირეული დასრულდა და 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის მთავარი მიმართულებებიც გამოიკვეთა. დიზაინერების ყურადღება ამჯერად უფრო პრაქტიკულ, მსუბუქ და ყოველდღიურად მოსახმარ სამოსზე გადავიდა.

ახალ კოლექციებში განსაკუთრებით გამოიკვეთა ქვედაბოლოები, ჰაეროვანი და გამჭვირვალე ქსოვილები, ასევე ფეხსაცმელი, რომელიც არაერთი მოდის სახლისთვის ლუქის ერთ-ერთ მთავარ ელემენტად იქცა. Chanel-ის ჩვენებაზე, მაგალითად, 83 სხვადასხვა ლუქს განსხვავებული ფეხსაცმელი ახლდა.

კოლექციებში აქტიურად გამოჩნდა მკვეთრი ფერები და პასტელის ტონებიც. ამასთან, დიზაინერები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ მსუბუქ ქსოვილებს -ერთ-ერთი მიზეზი გახანგრძლივებული ცხელი სეზონებია, რაც ტანსაცმლის დიზაინსა და მოდის ტრადიციულ სეზონურობასაც ცვლის.

პარიზის მოდის კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე განხილული ვარსკვლავი სელინ დიონიც გახდა, რომლის გამოჩენებმა მოდის ინდუსტრიის ყურადღება მიიპყრო.