თიანეთის მუნიციპალიტეტში ტყუპების შეძენის შემთხვევაში ოჯახი ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით 10 000 ლარს მიიღებს. აღნიშნული დახმარება მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებშია გათვალისწინებული.

ფინანსური დახმარება გათვალისწინებულია ერთი ბავშვის დაბადების შემთხვევაშიც და თანხის ოდენობა ბავშვის რიგითობაზეა დამოკიდებული.

პირველი შვილის შეძენის შემთხვევაში ოჯახი 1 500 ლარს მიიღებს, მეორე შვილის შემთხვევაში დახმარება 3 000 ლარია, ხოლო მესამე შვილზე 4 500 ლარი გაიცემა.

მესამე შვილის შემდეგ თითოეულ მომდევნო ბავშვზე დახმარების თანხა კიდევ 1 500 ლარით იზრდება. შესაბამისად, მეოთხე შვილზე დახმარება 6 000 ლარს შეადგენს, მეხუთეზე კი 7 500 ლარს.

ამასთან, თიანეთის მუნიციპალიტეტში ახალდაქორწინებული ოჯახებისთვისაც მოქმედებს ერთჯერადი ფინანსური დახმარება. შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ახალდაქორწინებულ ოჯახს 5 000 ლარი ეძლევა.

2026 წლის აპრილში დამტკიცებული ცვლილების მიხედვით, დახმარების მისაღებად მეუღლეებიდან ერთ-ერთი ან ორივე ქორწინებამდე უნდა ყოფილიყო და დახმარების მოთხოვნის დროს კვლავ უნდა იყოს რეგისტრირებული თიანეთის მუნიციპალიტეტში. ამასთან, ორივე მეუღლეს უნდა ჰქონდეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი და ფაქტობრივად ცხოვრობდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტში.

თიანეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში მოსახლეობის სოციალური დახმარების ქვეპროგრამაა გათვალისწინებული, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების ფინანსურ მხარდაჭერას მოიცავს.