საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაძლოა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს. ამის შესახებ TV პირველს ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.
ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ განიხილება, რაც პროკურატურამ ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყებაზე უარი განაცხადა.
ბარათაშვილი ამტკიცებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი პატიმრობის პერიოდში ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა და მას იმ დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ, რომელიც, დაცვის მხარის მტკიცებით, არ ჩაუდენია.
ადვოკატის განცხადებით, საქმეში შესაძლოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა იკვეთებოდეს. სტრასბურგში მიმართვის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ღარიბაშვილთან კონსულტაციის შემდეგ მიიღება.
პროკურატურა აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის განცხადებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და გამოძიების დაწყებას არ გეგმავს.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 ნოემბერს ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ქრთამის აღების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
სასამართლო სხდომაზე ყოფილმა პრემიერმა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და პროცესის საჯაროდ ჩატარება მოითხოვა.
ამ დროისთვის სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის შეტანა ოფიციალურად დადასტურებული არ არის.