საქართველოში 21 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება. აცრა მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება და მას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქვეყანამ ფრანგული წარმოების 200 000 დოზა სამკომპონენტიანი Vaxigrip-ის ვაქცინა შეიძინა.

ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, მათ შორის ორსულებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისა და სამედიცინო პერსონალისთვის.

აცრის გაკეთება შესაძლებელი იქნება 6 თვის ასაკიდან, ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში.