ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მშობლები საბავშვო ბაღის გახსნას ელოდებიან. ორთაბათუმში შენობის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია, თუმცა დაწესებულება აღსაზრდელებს ამ დრომდე ვერ იღებს.
ადგილობრივი მშობლების განცხადებით, ორთაბათუმის საბავშვო ბაღის გახსნას უკვე ორი წელია ელოდებიან. ამ პერიოდში ბავშვების ნაწილი დროებით ბარცხანის ბაღში გადაიყვანეს, თუმცა, მშობლების თქმით, მოგვიანებით ისინი იქიდანაც ამორიცხეს.
შედეგად, ოჯახების ნაწილი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მშობლებს, რომლებსაც სამსახურში სიარული უწევთ, ბავშვების დატოვების პრობლემა შეექმნათ.
რატომ ვერ იხსნება გარემონტებული ბაღი?
ორთაბათუმის საბავშვო ბაღის ხელმძღვანელის, თინათინ წინწკალაძის განმარტებით, შენობაში სარემონტო სამუშაოები დასრულებულია, თუმცა დაწესებულების ამოქმედება ახალი ავეჯის მიღებაზეა დამოკიდებული.
მისივე თქმით, დარჩენილია მცირე სამუშაოები და არსებობს მოლოდინი, რომ ბაღი მიმდინარე წელს გაიხსნება. მიუხედავად ამისა, კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. პრობლემა წლებია გრძელდება
აღსანიშნავია, რომ ორთაბათუმის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2023 წელს იყო დაგეგმილი. იმ პერიოდში ორთაბათუმის, ფერიისა და მახინჯაურის ბაღების რეკონსტრუქციისთვის ჯამში 6 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.
მიუხედავად განხორციელებული სამუშაოებისა, ორთაბათუმის ბაღის აღსაზრდელებისთვის გახსნის საკითხი კვლავ მოუგვარებელია.
მშობლები შესაბამისი უწყებებისგან კონკრეტულ პასუხს ითხოვენ — როდის დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და როდის შეძლებენ ბავშვები ბაღში დაბრუნებას?
ამ დროისთვის დაწესებულების გახსნის ოფიციალურად დადასტურებული თარიღი ცნობილი არ არის.