დღეს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით არის აღძრული.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებებისა და მათზე დართული აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაიწყო. განმცხადებლები ამტკიცებენ, რომ ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოებს აკონტროლებს. აღნიშნული გარემოებები გამოძიების ფარგლებში უნდა გადამოწმდეს.

ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ გამოძიების პროცესში ნანა ყეინიშვილი სებ-ის საბჭოს სხდომებიდან დროებით იქნება აცილებული. ეს გადაწყვეტილება თანამდებობიდან გათავისუფლებას არ ნიშნავს. მოქმედი კანონმდებლობით, გამოძიების დაწყება თავისთავად არ წარმოადგენს საბჭოს წევრის მანდატის შეწყვეტის საფუძველს, ხოლო მისი თანამდებობიდან გადაყენება მხოლოდ კონსტიტუციით გათვალისწინებული იმპიჩმენტის პროცედურით არის შესაძლებელი.

"გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ვიდრე საკითხის გარშემო არ დადგება სრული სიცხადე, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან,"- წერს ეროვნული ბანკი.

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 2023 წლის სექტემბერში აირჩიეს. მისი უფლებამოსილების ვადა შვიდ წელს მოიცავს და 2030 წლის სექტემბერში იწურება.