„საქართველოს ფოსტაში“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, რომლებმაც კომპანიას შემოსავლები უნდა გაუზარდოს და ხარჯები შეუმციროს.
ერთ-ერთი მთავარი ცვლილება იმ სერვისების დაბრუნებაა, რომლებსაც ფოსტა აქამდე შუამავალი კომპანიების დახმარებით ახორციელებდა. მთავრობის გათვლებით, ამ ნაბიჯით კომპანიამ წელიწადში დამატებით 14.2 მილიონი ლარი უნდა მიიღოს.
ფოსტამ ხარჯების შემცირებაც დაიწყო. თანამშრომლებისა და წამგებიანი სერვისცენტრების ოპტიმიზაციით ჯამში დაახლოებით 3.6 მილიონი ლარის დაზოგვას ელიან.
ცვლილებები საერთაშორისო გადაზიდვებსაც შეეხო. „საქართველოს ფოსტამ“ Turkish Airlines-თან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა, კიდევ ხუთ ავიაკომპანიასთან კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ მიმართულებიდან დამატებით 4.4 მილიონი ლარის შემოსავალს ვარაუდობენ.
ასევე აღდგა საჰაერო ტერმინალის მუშაობა, რომელმაც კომპანიას დამატებით დაახლოებით 1.3 მილიონი ლარი უნდა მოუტანოს.
მთავრობის მოლოდინია, რომ ამ ცვლილებების შედეგად „საქართველოს ფოსტა“ 2026 წელს მოგებაზე გავა. კომპანიის ბოლო აუდიტირებული ანგარიშის მიხედვით, 2025 წელი ფოსტამ 8.6 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა.