იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულში ბრალდებული უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა ორგანიზებული ჯგუფი და აღიკვეთა 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია.

უწყების ცნობით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სავარაუდო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 14 მილიონ ლარს აღემატება.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ნარკოტიკების გასაღების სქემაში იყვნენ ჩართული. ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წინასწარ შერჩეულ ადგილებში ათავსებდნენ, შემდეგ კი ადგილმდებარეობის კოორდინატებსა და ფოტოებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.
პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისა და მითითებული ადგილების შემოწმებისას ნივთმტკიცებად ამოიღო 117 შეკვრად დაფასოებული, 12 კილოგრამამდე მეთადონი და 267 შეკვრად დაფასოებული, 28 კილოგრამამდე ჰაშიში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.