ქართველი მოკრივე ნიკოლოზ ხიზანიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. ახალგაზრდა სპორტსმენმა მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში გამართულ 17- წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ხიზანიშვილმა 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ხუთივე ორთაბრძოლა მოიგო. ფინალში მან რუსეთის სახელით მოასპარეზე მაგომედ გაჯიევი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გამარჯვების შემდეგ ახალგაზრდა მოკრივე მშობლიურ სოფელ ვარიანში დაბრუნდა, სადაც მას ადგილობრივებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
ნიკოლოზ ხიზანიშვილი გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის სკოლის აღზრდილია. მისი პირადი მწვრთნელი გელა სხირტლაძეა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა სპორტსმენს მანამდე ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულიც ჰქონდა მოპოვებული.
საქართველოს 17- წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ოთხი მედლით დაასრულა: ერთი ოქროთი და სამი ბრინჯაოთი.