ქართული კომპანია KAYA აზერბაიჯანის ბაზარზე გასასვლელად ემზადება. კომპანიამ ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოში წარმოებული სავენტილაციო სისტემები და საინჟინრო დანადგარები წარადგინა.
კომპანიის პროდუქციას შორისაა ჰაერის დამუშავების დანადგარები, ჰაერსატარები, სავენტილაციო სარქველები და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების კომპონენტები.
KAYA-ს დირექტორის, ილია ბაჩანაძის განცხადებით, აზერბაიჯანის ბაზარი კომპანიისთვის საინტერესო საექსპორტო მიმართულებაა. მისი თქმით, მეზობელ ქვეყანასთან გეოგრაფიული სიახლოვე პროდუქციის სწრაფად მიწოდების შესაძლებლობას ქმნის.
ქართული საწარმოს მთავარი მიზანია ადგილობრივ სამშენებლო და საინჟინრო კომპანიებთან თანამშრომლობის დაწყება და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიება.
კომპანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის სერტიფიცირებაზეც მუშაობას გეგმავს, რაც რეგიონულ ბაზრებზე გაფართოებას შეუწყობს ხელს.
KAYA-სთვის ეს საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის პირველი გამოცდილებაა. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ღონისძიება ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.