ტაივანში, მსოფლიოში ჩიპების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის, TSMC-ის ახალი ქარხნის მშენებლობაზე ოთხი მუშა დაიღუპა. კომპანიამ სამშენებლო სამუშაოების ნაწილი შეაჩერა.

შემთხვევა 20 ოქტომბერს, ტაივანის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ კაოსიუნში მდებარე F22 ქარხნის სამშენებლო ტერიტორიაზე მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მუშები შენობის მესამე სართულზე ფოლადის კონსტრუქციებს ამონტაჟებდნენ, როდესაც კონსტრუქციის ნაწილი ჩამოიშალა და ოთხივე მათგანი სიმაღლიდან ჩამოვარდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სამი მათგანი იმავე საღამოს, მეოთხე კი 21 ოქტომბრის დილით გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედია შესაძლოა კონსტრუქციის დამაკავშირებელი ჭანჭიკების დაზიანებამ ან არასაკმარისმა რაოდენობამ გამოიწვია. ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

TSMC-მ მომხდარი დაადასტურა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები ტაივანში მშენებარე სხვა ობიექტებზეც შეაჩერა. შემთხვევის გარემოებებს სახელმწიფო უწყებები და კომპანიის წარმომადგენლები იკვლევენ.

კაოსიუნში ახალი ქარხანა მოწინავე, 2-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებისთვის შენდება. სამუშაოების განახლების თარიღი უცნობია.