თურქეთში კვერცხუჯრედებით სავარაუდო უკანონო ვაჭრობის მასშტაბური სქემა გამოავლინეს. ქვეყნის 14 პროვინციაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 41 პირია დაკავებული. გამოძიების მასალებში საქართველო, ალბანეთი და ჩრდილოეთი კვიპროსიც ფიგურირებს.

თურქული მედიის ცნობით, დანაშაულებრივი ქსელი ქალებს საზღვარგარეთ გამგზავრებასა და კვერცხუჯრედების სანაცვლოდ თანხის მიღებას სთავაზობდა. გამოძიების თანახმად, სქემაში 41 ქალი მონაწილეობდა, რომლებმაც, სავარაუდოდ, კვერცხუჯრედები ჯამში 811-ჯერ გაყიდეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ქსელის ორგანიზატორები ქალებს თურქეთში სამედიცინო შემოწმებას უტარებდნენ, შემდეგ კი მათ უცხოეთში მდებარე კლინიკებში გამგზავრებას უზრუნველყოფდნენ. თითო კვერცხუჯრედის სანაცვლოდ 60-დან 80 ევრომდე თანხის გადახდის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

საქმეზე სულ 53 პირის მიმართ მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები. მათ შორის არიან სავარაუდო ორგანიზატორები, ექიმები და ქალები, რომლებიც კვერცხუჯრედების დონორებად იყვნენ ჩართულნი.

გამოძიება ფინანსურ გადარიცხვებს, საბანკო ოპერაციებსა და საერთაშორისო გადაადგილების მონაცემებს სწავლობს.

საქართველოსთან კავშირის კონკრეტული დეტალები ჯერ სრულად არ გასაჯაროებულა. თურქული მხარის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში იკვეთება საქართველოში მდებარე კლინიკებთან სავარაუდო კავშირებიც, თუმცა მათი ვინაობა საჯაროდ არ დასახელებულა.

საქმის გამოძიებას სტამბოლის ანატოლიის მთავარი პროკურატურა ხელმძღვანელობს. სამართალდამცველები დანაშაულებრივი ქსელის სხვა შესაძლო მონაწილეებსაც ეძებენ.