სუდანში, სამხრეთ დარფურის შტატის ქალაქ ნიალაში, პირუტყვის ბაზარზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, 47 კი დაშავდა.
თავდასხმა 16 ოქტომბერს, დილით მოხდა, როდესაც ბაზარზე მოვაჭრეები და მყიდველები იმყოფებოდნენ.
საინფორმაციო სააგენტო AFP - ის ცნობით, ნიალას საავადმყოფოს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 47 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, თავდასხმას შორის მსხვერპლი ქალები და ბავშვებიც არიან. გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ (RSF), რომელიც ქალაქ ნიალას აკონტროლებს, მომხდარში სუდანის სამთავრობო არმიას ადანაშაულებს.
სუდანის არმიამ დაადასტურა, რომ ქალაქში RSF - ის პოზიციების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციები განახორციელა. თუმცა უშუალოდ ბაზარზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია და აცხადებს, რომ მისი სამხედრო ოპერაციების სამიზნე მხოლოდ სამხედრო ობიექტებია.
ქალაქი ნიალა სამხრეთ დარფურის ადმინისტრაციული ცენტრია და RSF - ის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს.
სუდანში სამთავრობო არმიასა და RSF - ს შორის შეიარაღებული კონფლიქტი 2023 წლის აპრილიდან გრძელდება. დაპირისპირებამ ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონობით მოქალაქე იძულებული გახადა საცხოვრებელი დაეტოვებინა.
ბაზარზე თავდასხმის გარემოებები და უშუალო პასუხისმგებელი მხარე ამ დროისთვის დამოუკიდებლად დადგენილი არ არის.