აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, Bank of America, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის წესებისა და საერთაშორისო სანქციების დარღვევის გამო 1,21 მილიარდ დოლარზე მეტით დააჯარიმეს.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბანკმა დროულად ვერ გამოავლინა და შესაბამის უწყებებს ვერ შეატყობინა 5 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის საეჭვო ტრანზაქციების შესახებ. მათგან მილიარდ დოლარზე მეტი ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ რისკებს უკავშირდებოდა.

გამოძიებამ ასევე გამოავლინა სანქციების სავარაუდო დარღვევები, მათ შორის რუსეთისა და ირანის მიმართულებით განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებში.

ეს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ისტორიაში სიდიდით მესამე ფინანსური სანქციაა.

Bank of America-ში აცხადებენ, რომ მარეგულირებლებთან თანამშრომლობენ და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ კონტროლის სისტემების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი რესურსები უკვე დახარჯეს.