საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია - თბილისში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა გუნდურ ასპარეზობაში პირველი ადგილი დაიკავეს და ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.
საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ შეჯიბრებებშიც წარმატებით იასპარეზა და ოთხი მედალი მოიპოვა - ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულები საბა ბაღდავაძემ და ლევან გუგავამ მოიპოვეს.
სპორტსმენებს ისტორიული გამარჯვება საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მიულოცა. მინისტრმა პარაძიუდოისტებს სპორტის სამინისტროში უმასპინძლა და მათ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
„დღეს ჩვენ გვყავს ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები - ჩვენი გმირი პარაძიუდოისტები“, - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.
აღსანიშნავია, რომ პარაძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში პირველად ჩატარდა. მასპინძელი ქვეყნის ნაკრებისთვის ტურნირი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა - ქართველმა სპორტსმენებმა ინდივიდუალურ მედლებთან ერთად გუნდური მსოფლიო ჩემპიონობაც მოიპოვეს.