კომუნიკაციების კომისიის მტკიცებით, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს "საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს". მათი განცხადებით, "კომუნიკაციების კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლებს ასანქცირებს. არ არსებობს ფრაზები და სიტყვები, რომლებიც კომუნიკაციების კომისიამ აკრძალა".

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში საუბარია იმ საკანონმდებლო მოთხოვნებზე, რომლებსაც მაუწყებლები უნდა იცავდნენ. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებლებს ეკრძალებათ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება. იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. შესაბამისად, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ - მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება.

აღნიშნული შინაარსობრივი რეგულირების საკითხებზე კომუნიკაციების კომისიამ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა მაუწყებლებთან, შეიმუშავა და გამოაქვეყნა შესაბამისი გზამკვლევი, რათა მაუწყებლებს კანონის აღსრულების ნაწილში დახმარებოდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი არ არის მაუწყებლების სანქცირება, კომისიის მიზანია მედიის მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებით კანონის აღსრულება და საზოგადოების ინტერესების დაცვა.

შესაბამისად, კომუნიკაციების კომისია კანონის ეფექტიანი აღსრულების მიზნით განაგრძობს შესაბამის რეაგირებას" - წერს Comcom.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, კომუნიკაციების კომისიამ ქართული ოცნებისადმი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენება აუკრძალა, მათ შორისაა: რეჟიმი, სინდისის პატიმრები, ოლიგარქი, ცრუ მოწმე პოლიციელები, პოლიტიკური პატიმრები, ივანიშვილის პრემიერი, უკანონო პატიმრობა, ოცნების ხელისუფლება, რეპრესიული კანონები, სასამართლო კლანი. 

ორგანიზაციის განცხადებით, საერთო ჯამში, ბოლო 6 თვეში, კომისიამ ტელეკომპანია პირველსა და ფორმულას მოხსენებითი ბარათები უკვე 7-ჯერ (4-ჯერ ფორმულას, 3-ჯერ ტელეკომპანია პირველს) შეუდგინა და მათ საფუძველზე, ისინი პირველად ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა, შემდეგ - თითოეული ჯერ 2500 ლარით, მომდევნო ჯერზე კი - 5000 ლარით დააჯარიმა. უკვე 1 ოქტომბერს კი, ფორმულა დამატებით 10 000 ლარით დააჯარიმა.

"დიდი ალბათობით, კომისია მავნე პრაქტიკას კვლავაც გააგრძელებს და უახლოეს მომავალში, იმავე მიზეზით ახლა უკვე ტელეკომპანია პირველსაც დააჯარიმებს, რადგანაც, როგორც წესი, კომისია ერთ შეკრულ წრეზე მოძრაობს და მაუწყებლებს რიგრიგობით აჯარიმებს.

აშკარაა, რომ კომუნიკაციების კომისა ამ გზით, ისედაც მძიმე ფინანსურ პირობებში მყოფი ტელევიზიების პარალიზებას ცდილობს. კომისიას მათთვის მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერების უფლებამოსილებაც აქვს, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა.

მართალია, კომისიამ პარალელურად მონიტორინგის რეჟიმში პროსამთავრობო არხებიც - იმედი, პოსტვ, რუსთავი 2 - მოაქცია, თუმცა პროცესებზე დაკვირვება ტოვებს განცდას, რომ აღნიშნულს მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს და დაინტერესებული მხარეებისთვის ობიექტური დამკვირვებლისა და არბიტრის როლის ჩვენებას ემსახურება. იმთავითვე ნათელი იყო, რომ კომისიის მიზანი მხოლოდ კრიტიკული მედიების დასჯა და ფინანსური ჯარიმების გზით მათი დასუსტება ან/და დახურვა იყო.

კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს შინაარსობრივი მონიტორინგის დაწყებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც 2026 წლის 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზები - იმედი და პოსტვ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რუსული დეზინფორმაციის მხარდაჭერისთვის დაასანქცირა". - წერს TI.