ქუთაისში დღეს, 8 ოქტომბერს, საღამოს საათებში განგაშის ხმოვანი სიგნალი გაისმება. ამის შესახებ მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლება აფრთხილებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეით ბრიგადაში სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოებისა და საგანგებო კრიზისული სიტუაციების მართვის გეგმური წვრთნა ჩატარდება.
წვრთნის ფარგლებში სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შესაბამისი ხმოვანი სიგნალი ჩაირთვება.
მოსახლეობას მოუწოდებენ, გაითვალისწინონ წინასწარ გავრცელებული ინფორმაცია. სიგნალის გამოყენება დაგეგმილ სწავლებას უკავშირდება და საგანგებო შემთხვევას არ ნიშნავს.
სიგნალის ჩართვის კონკრეტული საათი განცხადებაში მითითებული არ არის.