ქართველი ექიმი, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილ პილოტს დახმარება აღმოუჩინა-შოთა მუსაევი
ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა, სტომატოლოგმა შოთა მუსაევმა, დუბაი–თელ-ავივის რეისზე მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილ პილოტს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა.
გავრცელებული ინფორმაციით, შოთა მუსაევი Flydubai-ს რეის FZ1073-ზე იმყოფებოდა, როდესაც თვითმფრინავში ინციდენტი მოხდა.
მუსაევის მონათხრობის თანახმად, თვითმფრინავის წინა ნაწილში ხმაურისა და ყვირილის გაგონების შემდეგ ის დასახმარებლად გაემართა. მისი თქმით, თავდამსხმელის შეჩერებაში რამდენიმე მგზავრი მონაწილეობდა. შემდგომი ცნობების მიხედვით, კაბინაში ერთ-ერთმა პილოტმა მეორეს დანით მიაყენა ჭრილობები.
დაშავდა თვითმფრინავის კაპიტანი, პილოტი, ინდოეთის მოქალაქე სმიტ მაჩჩჰარი.
მოგვიანებით ქართველმა ექიმმა დაჭრილი პილოტი დაინახა და მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა.
„თვითმფრინავში ერთადერთი ექიმი ვიყავი. სისხლდენის შეჩერება შევძელი“, იხსენებს მუსაევი.
მისივე განცხადებით, დაშვებამდე პილოტის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. მგზავრები ყვიროდნენ, რომ ბორტზე მყოფი სხვა პილოტები კაბინაში შესულიყვნენ. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მათგანმა თვითმფრინავის მართვა გადაიბარა, მუსაევის თქმით, მგზავრები მიხვდნენ, რომ გადარჩენის შანსი ჰქონდათ. საუდის არაბეთის ქალაქ ტაბუკში დაშვების შემდეგ დაშავებული ადგილობრივ მედიკოსებს გადასცეს.
მუსაევის თქმით, მოგვიანებით შეატყობინეს, რომ პილოტი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა.
ქართველი ექიმი ინციდენტის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მომენტად თვითმფრინავის მკვეთრ ვარდნას იხსენებს. მისი მონათხრობით, მგზავრებს გარკვეული დროის განმავლობაში სიცოცხლის დაკარგვის ეშინოდათ.