სომხეთში, ერევანი - სევანის ავტომაგისტრალზე, მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „Mercedes-Benz Sprinter“-ის მარკის მიკროავტობუსი გზაზე გადაბრუნდა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა დღეს, 8 ოქტომბერს, დილის დაახლოებით 08:00 საათზე, კოტაიქის რეგიონში, ავტომაგისტრალის 50-ე კილომეტრზე მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო სამსახურის, პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რვავე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ყველა მათგანი საავადმყოფოდან გაწერეს.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მიკროავტობუსის გადაბრუნება. მომხდარის გარემოებებს შესაბამისი უწყებები იკვლევენ.