დაცვის მხარის კიდევ ერთი გამარჯვებით დასრულებული საქმე - დიმიტრი მჭედლიშვილის მორიგი წარმატება სააპელაციო სასამართლოში.
ადვოკატ დიმიტრი მჭედლიშვილის მონაწილეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში კიდევ ერთი საქმე დაცვის მხარის სასარგებლოდ დასრულდა.
სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდებულის მუქარის ეპიზოდში გამართლება იყო, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ამასთან, პროკურატურის საჩივარი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის შეცვლას და სადავო ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას ითხოვდა, არ დაკმაყოფილდა.
საქმეზე ბრალდებული თემურ ს. ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის დანაშაულის 8 ეპიზოდში იყო ბრალდებული. მათ შორის იყო „გაუპატიურების“ სამი ეპიზოდი, მუქარა და ოჯახში ძალადობის ოთხი ფაქტი.
თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ თემურ ს. გაუპატიურების სამივე ეპიზოდში გაამართლა, ვინაიდან დაზარალებულის ჩვენებები წინააღმდეგობრივ გარემოებებს შეიცავდა. თ. ს. ასევე გამართლდა ოჯახში ძალადობის ორ ეპიზოდში. მაგრამ ამავე განაჩენით ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი ოჯახში ძალადობის ორ ეპიზოდში, რასაც დაცვის მხარე სადავოდ არ ხდიდა, ასევე მუქარის ეპიზოდში.
სააპელაციო წესით გასაჩივრებულ განაჩენში პროკურატურა ითხოვდა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობას უმძმეს საბრალდებო ეპიზოდებშიც, რომლებშიც იგი პირველი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა. ხოლო დაცვის მხარის მოთხოვნა კი მხოლოდ მუქარის ეპიზოდში გამართლება იყო.
შესაბამისად, თ. ს. მოსახდელი დარჩა მხოლოდ ის სასჯელი, რომელიც ოჯახში ძალადობის ორ ეპიზოდზე ჰქონდა დანიშნული - 2 წელი და 6 თვე.
სასჯელის ვადა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს ეწურება და ამ დღეს იგი საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.