ახალი კადრები Flydubai-ს რეისიდან - ტაბუკის აეროპორტში დაკავებული თავდამსხმელი და დაჭრილი კაპიტანი
ტაბუკის აეროპორტიდან Flydubai-ს რეის FZ1073-თან დაკავშირებული ახალი ვიდეოკადრები გავრცელდა. თვითმფრინავი, რომელიც დუბაიდან თელ-ავივისკენ მიფრინავდა, 30 სექტემბერს საუდის არაბეთის ქალაქ ტაბუკში საგანგებოდ დაეშვა. 
გავრცელებულ კადრებში ჩანს პირი, რომელსაც ხელები შეკრული აქვს და რომელსაც ადგილობრივი სამართალდამცველები და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აკონტროლებენ. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ის ომანის მოქალაქე და რეისის მეორე პილოტია, რომელსაც კაპიტანზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. Reuters-ის ცნობით, ვიდეოკადრებით ასევე დასტურდება ინციდენტის შემდეგ ორივე პილოტის დაშავება.
ვიდეოში ჩანს დაჭრილი კაპიტანი, ეკიპაჟის წევრები და მგზავრებიც. ტაბუკის აეროპორტის ინფორმაციით, თვითმფრინავის დაშვების შემდეგ კაპიტანი და მეორე პილოტი სამედიცინო დახმარებისთვის გადაიყვანეს. მგზავრები უსაფრთხოდ იყვნენ.
FZ1073-ზე მომხდარ ინციდენტს ამჟამად რამდენიმე ქვეყნის შესაბამისი უწყებები იძიებენ. არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლება, მათ შორის, ადგენს, იყო თუ არა მომხდარი წინასწარ დაგეგმილი ან ტერორიზმთან დაკავშირებული. საბოლოო მოტივი ოფიციალურად ჯერ დადგენილი არ არის.