დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი Flydubai-ის სამგზავრო თვითმფრინავი საუდის არაბეთის ქალაქ ტაბუკში დაუგეგმავად დაეშვა. ინციდენტის მიზეზად ბორტზე ორ პილოტს შორის მომხდარი დაპირისპირება სახელდება. თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა და მგზავრები არ დაშავებულან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს რუსი და უკრაინელი პილოტები დაუპირისპირდნენ. თუმცა მათი მოქალაქეობისა და დაპირისპირების ზუსტი მიზეზის შესახებ ინფორმაცია თავად Flydubai-ს ამ ეტაპზე საჯაროდ არ დაუდასტურებია.
ინციდენტის დროს თვითმფრინავიდან თავდაპირველად გადაიცა საგანგებო კოდი 7700, რომელიც ზოგად საგანგებო მდგომარეობაზე მიუთითებს. მოგვიანებით დაფიქსირდა 7500 კოდიც - ავიაციაში ეს სიგნალი უკანონო ჩარევის, მათ შორის შესაძლო გატაცების შემთხვევაში გამოიყენება. სწორედ ამ სიგნალის გამო თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ თვითმფრინავზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული ინციდენტი მიმდინარეობდა.
ვითარებას ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებიც გამოეხმაურნენ. შესაძლო გატაცების ვერსიის გამო ისრაელის სამხედრო ავიაცია მზადყოფნაში მოვიდა, თუმცა მოგვიანებით ისრაელის მხარემ განაცხადა, რომ თვითმფრინავის გატაცებას ადგილი არ ჰქონია.
ბორტზე დაახლოებით 180-მდე მგზავრი იმყოფებოდა, თუმცა სხვადასხვა მედიასაშუალება მგზავრთა რაოდენობის შესახებ განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს. თვითმფრინავი საბოლოოდ ტაბუკის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.
Flydubai-მ დაადასტურა, რომ რეისზე ინციდენტი მოხდა და მგზავრები უსაფრთხოდ არიან. ავიაკომპანიას ამ დროისთვის დეტალურად არ განუმარტავს, რა გახდა ეკიპაჟის წევრებს შორის სავარაუდო დაპირისპირების მიზეზი.
ინციდენტის გარემოებების გარკვევა გრძელდება.