ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე, 26-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. მოსახლეობის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოების შედეგად მიმდებარე სახლების კედლები დაიბზარა, ეზოები დაზიანდა და საცხოვრებელი გარემო სახიფათო გახდა.
მშენებლობა ბესიკის ქუჩის №75, 77 და 79-ში მიმდინარეობს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სამუშაოების დროს ძლიერი რყევები იგრძნობა, გაჩენილი ბზარები კი თანდათან ფართოვდება. ისინი მშენებლობის შეჩერებასა და შენობების უსაფრთხოების დაუყოვნებლივ შემოწმებას ითხოვენ.
პროექტს კომპანია „ჯეო 2020“ ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ ზიანი მშენებლობამ გამოიწვია, კომპანია პასუხისმგებლობას აიღებს და დაზარალებულებს ზარალს აუნაზღაურებს.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, საკითხის შესასწავლად მასალები სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადაგზავნილი. უწყება ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამ გამოიწვია შენობებისა და მიწის დაზიანება.
მოსახლეობა კი აცხადებს, რომ საბოლოო დასკვნის მიღებამდე მათი საცხოვრებელი სახლების უსაფრთხოება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.