საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) შპს „ყამარი მ“- ს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია გაუუქმა.
გადაწყვეტილების მიზეზად კომპანიის მიერ მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის უწყვეტი და საიმედო მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა დასახელდა.
სემეკის გადაწყვეტილებით, „ყამარი მ“- ის აბონენტების გაზმომარაგებასა და განაწილებას ამიერიდან „თბილისი ენერჯი“ უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა მიმდინარეობს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ყამარი მ“- ს ბუნებრივი გაზის საბითუმო მიმწოდებლის - „სოკარ გაზ ექსპორტ - იმპორტის“ მიმართ მნიშვნელოვანი დავალიანება დაუგროვდა. ამის გამო კომპანიას 5 ოქტომბერს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა.