ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე დამწვარი სავაჭრო სივრცის აღდგენის პროექტი ამ დრომდე ვერ იწყება. „თბილისი ცენტრალში“ აცხადებენ, რომ ინვესტიციის განხორციელებისთვის მზად არიან, თუმცა თბილისის მუნიციპალიტეტის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ყარალაშვილის ინფორმაციით, მერია ამუშავებს სადგურის მოედანთან დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის პროექტს, რომელმაც შესაძლოა ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიის ნაწილი გაიაროს. ამის გამო ჯერ უცნობია, საბოლოოდ რა ფართობი დარჩება სავაჭრო სივრცის მოსაწყობად.
„თბილისი ცენტრალის“ განცხადებით, მუნიციპალიტეტთან მოლაპარაკებები უკვე ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ტერიტორიის საბოლოო კონფიგურაცია და ფართობი გაირკვევა, კომპანია პროექტს გადაამუშავებს და ინვესტიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ საკითხი 2026 წლის ბოლომდე გაირკვევა.
ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაახლოებით 12 000 კვ.მ სავაჭრო და სასაწყობო სივრცე განადგურდა. ტერიტორია „თბილისი ცენტრალს“ საქართველოს რკინიგზისგან 49-წლიანი იჯარით აქვს აღებული.