თბილისის ბოტანიკურ ბაღში 27-28 სექტემბერს „პურის ფესტივალი-ქართული ხორბლის დღეები“ გაიმართა. ღონისძიება ქართული ხორბლის, ტრადიციული პურისა და ქვეყნის აგროკულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას მიეძღვნა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია, ასევე სხვადასხვა სახეობის ქართული პური და პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პურის ცხობის მასტერკლასები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ცომის მომზადებისა და თონეში პურის ცხობის პროცესს, გაცნობოდნენ ქართული ხორბლის ენდემურ სახეობებსა და მათ გავრცელებას.

ფესტივალის სივრცეში წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული თემატიკის სამოსი და ძველი ისტორიული ფოტოები, რომლებიც პურისა და ხორბლის კულტურასთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიებს ასახავდა.

ღონისძიების პროგრამა ასევე მოიცავდა ქართული პურის სხვადასხვა სახეობის დაგემოვნებას, თემატურ აქტივობებსა და მუსიკალურ პროგრამას.

„პურის ფესტივალის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართული ხორბლის უნიკალური სახეობებისა და პურის ცხობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა.