ავიაკომპანიები სალონში შეტანილი ხელბარგის წონასა და ზომებს მკაცრად არეგულირებენ. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრები შესაძლოა ერთი და იმავე ტიპის თვითმფრინავით მგზავრობდნენ, ავიაკომპანიისა და შეძენილი ბილეთის პირობების მიხედვით, მათთვის ხელბარგის განსხვავებული ლიმიტი მოქმედებდეს.
როგორც The Independent ყოფილი პილოტისა და ამჟამად საავიაციო უსაფრთხოების მკვლევრის განმარტებაზე დაყრდნობით წერს, ხელბარგის შეზღუდვის მიზეზი მხოლოდ ავიაკომპანიების კომერციული პოლიტიკა არ არის - მნიშვნელოვანი ფაქტორია ფრენის უსაფრთხოებაც.
ყველა თვითმფრინავს აქვს მაქსიმალური ასაფრენი წონა, რომლის გადაჭარბებაც უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე დაუშვებელია. საერთო წონაში შედის თავად თვითმფრინავი, საწვავი, ბორტზე არსებული საკვები და სასმელი, ტვირთი, ეკიპაჟი, მგზავრები და მათი ბარგი.
ყოფილი პილოტის განმარტებით, როდესაც მან 1998 წელს ავიაციაში მუშაობა დაიწყო, რეგულაციებით გათვალისწინებული მგზავრის სტანდარტული წონა ერთ ადამიანზე 77 კილოგრამი იყო, ხელბარგის გარეშე. თუმცა, წლების განმავლობაში მგზავრების საშუალო წონის ცვლილებასთან ერთად შესაბამისი სტანდარტების გადახედვაც გახდა საჭირო.
### რატომ არის ზედმეტი ხელბარგი უსაფრთხოების საკითხი?
ხელბარგის რაოდენობას განსაკუთრებული მნიშვნელობა საგანგებო სიტუაციის დროს ენიჭება. კვლევები და რეალური შემთხვევების ანალიზი აჩვენებს, რომ ევაკუაციისას მგზავრების მიერ პირადი ნივთებისა და ხელბარგის წამოღების მცდელობამ შესაძლოა თვითმფრინავის დატოვების პროცესი შეაფერხოს.
სწორედ ამიტომ, საგანგებო ევაკუაციის დროს მგზავრებმა ხელბარგი თვითმფრინავში უნდა დატოვონ და ეკიპაჟის მითითებებს მიჰყვნენ.
150-დან 299-მდე სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავებისთვის, მათ შორის Boeing 737-ის ტიპის საჰაერო ხომალდებისთვის, შესაბამის გამოთვლებში ზრდასრული მამაკაცის სტანდარტულ წონად 81.8 კგ, ხოლო ზრდასრული ქალის შემთხვევაში - 66.7 კგ გამოიყენება. ხელბარგისთვის კი ერთ მგზავრზე 7 კგ-იანი სტანდარტული მაჩვენებელია გათვალისწინებული.
### უსაფრთხოება თუ დამატებითი შემოსავალი?
ხელბარგის შეზღუდვებს კომერციული მხარეც აქვს. ბევრი მგზავრი დამატებითი გადასახადის თავიდან ასაცილებლად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ნივთი სალონში შეიტანოს. ავიაკომპანიები კი ბილეთის ტიპის მიხედვით ადგენენ ხელბარგის დასაშვებ ზომასა და წონას და ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა დამატებითი საფასური მოითხოვონ.
თუმცა, ბარგის წონის კონტროლი მხოლოდ დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებად არ უნდა განვიხილოთ. თვითმფრინავის საერთო წონა და მისი სწორად განაწილება ფრენის დაგეგმვისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია.
ამიტომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც მოგზაურობისთვის ბარგს ალაგებთ, გაითვალისწინეთ - მსუბუქი ხელბარგი არა მხოლოდ დამატებითი ხარჯის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ, არამედ ბორტზე გადაადგილებასა და საჭიროების შემთხვევაში სწრაფ ევაკუაციასაც ამარტივებს.