თბილისის შემოვლითი გზის წიწამური–ავჭალის მონაკვეთზე 7,3 კილომეტრის სიგრძის ახალი, ოთხზოლიანი საავტომობილო გზა აშენდება. პროექტი ორი პარალელური გვირაბის, ხიდებისა და სატრანსპორტო კვანძების მოწყობას ითვალისწინებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მშენებლობას ჩინური კომპანია China Railway Tunnel Group Co., Ltd განახორციელებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება დაახლოებით 499 მილიონი ლარია.
ახალი გზის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ორი პარალელური გვირაბი იქნება, რომელთაგან თითოეულის სიგრძე 3,4 კილომეტრს შეადგენს.
თბილისის შემოვლითი გზის მთავარი მიზანია, სატრანზიტო სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების ნაწილმა დედაქალაქის გადატვირთული ქუჩების ნაცვლად ალტერნატიული მარშრუტით ისარგებლოს.
სრული შემოვლითი მაგისტრალის სიგრძე დაახლოებით 49 კილომეტრი იქნება და ის ნატახტრისა და წიწამურის მიმართულებას რუსთავთან დააკავშირებს.
პროექტის განხორციელების შედეგად მოსალოდნელია გადაადგილების დროისა და სატრანსპორტო ხარჯების შემცირება, ასევე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შემოვლითი გზის სხვა მონაკვეთებზე სატენდერო პროცედურები გრძელდება.