„ქურდული“ სიმღერები და უცენზურო ტექსტები - საფეხბურთო კლუბ „ბორჯომის“ მწვრთნელის მალხაზ ლაცაბიძის "ჯაგას" გართობა კლუბის წევრებთან.

ვიდეომასალა, რომელიც წყაროს ცნობით, საფეხბურთო კლუბ „ბორჯომის“ წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ სუფრას ასახავს, აღწერის მიხედვით, ჩანაწერში ისმის ე.წ. ქურდული შინაარსის სიმღერები და უცენზურო ფრაზები.

რედაქციის ინფორმაციით, შეკრებას გუნდის მთავარი მწვრთნელი მალხაზ ლაცაბიძე, მეტსახელად „ჯაგა“ ხელმძღვანელობს.

ვიდეომასალაში შეგნებულად დაფარულია ახალგაზრდების სახეები, რადგან ჩვენ მათ, როგორც პერსპექტივის მქონე ფეხბურთელებს ვუფრთხილდებით. თუმცა ეს მათ არ ათავისუფლებთ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისგან...

რაც შეეხება მალხაზ ლაცაბიძეს, იგივე „ჯაგას“, ის წლებია ქართულ ფეხბურთში საქმიანობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ მატჩების ოქმებში ის არაერთხელ არის მითითებული „ბორჯომის“ მთავარ მწვრთნელად.

სწორედ ამიტომ მისი საჯარო საქმიანობის მიმართ ინტერესი ბუნებრივია: მწვრთნელის პასუხისმგებლობა მხოლოდ მოედანზე მიღებული შედეგებით არ შემოიფარგლება. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ გარემოსა და ღირებულებებს, რომელთა ჩამოყალიბებაშიც სპორტული ორგანიზაცია მონაწილეობს.

მუნიციპალური დაფინანსება და ანგარიშვალდებულება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დოკუმენტებში წარმოდგენილია ა(ა)იპ „ბორჯომი ფეხბურთი 2013“.

2026 წლის ბიუჯეტის ერთ-ერთ რედაქციაში ამ ორგანიზაციის დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 615 600 ლარი.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, პროგრამის მიზნებს შორისაა ბავშვთა ფეხბურთის განვითარება, ახალგაზრდა ფეხბურთელების მომზადება და სპორტის პოპულარიზაცია.

ამიტომ მნიშვნელოვანია გაირკვეს, რა კავშირი აქვს მუნიციპალური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციას ვიდეოში სავარაუდოდ ასახულ პირებთან, რა სტატუსით მონაწილეობდნენ ისინი შეკრებაში და წარმოადგენდა თუ არა ღონისძიება კლუბის ოფიციალურ საქმიანობას.

კლუბ „ბორჯომის“ ფინანსური წარსული.

კლუბის სახელთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები ადრეც ყოფილა სასამართლო განხილვის საგანი.

2017 წელს შპს „საფეხბურთო კლუბი ბორჯომი“ გაკოტრებულად გამოცხადდა. სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 3 314,72 ლარის დავალიანება ჰქონდა.

ფინანსური გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი ინტერესი.

დღეს რეგიონული სპორტული კლუბების საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დაფინანსების გამჭვირვალობაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საფეხბურთო საქმიანობა მუნიციპალურ მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული, საზოგადოებას აქვს საფუძვლიანი ინტერესი, იცოდეს, რა თანხები იხარჯება სპორტსმენების მომზადებაზე, ინფრასტრუქტურაზე, ადმინისტრაციულ საქმიანობასა და სამწვრთნელო პერსონალზე.

პ.ს - რედაქცია მზად არის გამოაქვეყნოს ყველა დაინტერესებული მხარის პოზიცია.