19 ოქტომბრიდან საქართველოში დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება იწყება. თითოეულ დევნილ ოჯახის წევრზე სახელმწიფო 10 000 ლარს გასცემს.
განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მსურველებს მიმართვა ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში შეეძლებათ.
პროგრამით სარგებლობა ნებაყოფლობითია და განკუთვნილია იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი კომპენსაცია აქამდე არ მიუღიათ.
განაცხადის შევსებისას ადგილზე ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი უნდა იმყოფებოდეს.
კომპენსაცია განაცხადების შეტანის რიგითობისა და დადგენილი პირობების შესაბამისად გაიცემა. მაგალითად, ოთხწევრიან დევნილ ოჯახს, თუ ოთხივე წევრი პროგრამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, 40 000 ლარის მიღება შეუძლია.
პროგრამისთვის 2026 წლის ბიუჯეტში 58 მილიონი ლარია გამოყოფილი. კომპენსაციას მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა განაცხადებიც დაკმაყოფილდება, ხოლო ბენეფიციართა რაოდენობა არსებული ბიუჯეტით განისაზღვრება.
ამასთან, სახელმწიფო აგრძელებს დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასა და „სოფლად სახლის“ პროგრამას. ახალი ფულადი კომპენსაცია ამ პროგრამების პარალელურად იმოქმედებს.