სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში მმართველი და ოპოზიციური ძალების დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც სხდომა ორჯერ შეწყდა.
ვითარება ოპოზიციური „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატის, ედგარ ღაზარიანის გამოსვლის შემდეგ დაიძაბა. მან პარლამენტის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და მმართველი გუნდის დეპუტატებს მოუწოდა, არ დაეხარჯათ პრემიის სახით მიღებული 250 ათასი დრამი.
სხდომის თავმჯდომარე რუბენ რუბინიანმა განაცხადა, რომ ღაზარიანის გამოსვლა დღის წესრიგს სცდებოდა და მას მიკროფონი გამოურთო. დეპუტატმა საუბარი მაინც გააგრძელა, რასაც დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება და შემდეგ შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ვითარების განსამუხტად დარბაზში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც შევიდნენ.
დაპირისპირება პარლამენტის დერეფანშიც გაგრძელდა. სხდომის განახლების შემდეგ რუბინიანმა მომხდარს „შეხლა-შემოხლა“ უწოდა და დეპუტატები გააფრთხილა, რომ სხდომის წესების განმეორებით დარღვევას დარბაზიდან გაძევება მოჰყვებოდა.
მოგვიანებით ვითარება კვლავ დაიძაბა მმართველი „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატ ტარონ ჩახოიანის გამოსვლისას. ოპოზიციონერ და მმართველი გუნდის დეპუტატებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც 10-წუთიანი დაუგეგმავი შესვენება გამოცხადდა.