საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალური მდივანი როელ დონა თბილისის პროკურატურას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია და უწყების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუმარს გააცნეს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და თბილისის პროკურატურის სამუშაო გარემო. როელ დონას ასევე წარუდგინეს თბილისის რაიონული პროკურატურის ახალი შენობის პროექტი.
ვიზიტის ფარგლებში როელ დონა გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძესაც შეხვდა. შეხვედრაზე IAP-სა და საქართველოს პროკურატურას შორის თანამშრომლობის გაგრძელებასა და საქართველოში რეგიონული კონფერენციის ჩატარების შესაძლებლობაზე იმსჯელეს.