ელენე ხოშტარია: „ვივამედის“ კლინიკიდან რუსთავის ციხეში ვბრუნდები, მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პარტია „დროას“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ კლინიკა „ვივამედს“ ტოვებს და რუსთავის ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ბრუნდება.
მისი თქმით, მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია, ხოლო მკურნალობის მეორე ეტაპი შერეული ფორმით, ციხესა და „ვივამედში“ გაგრძელდება.
„დღეს ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში. მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია. ამიერიდან, მკურნალობას შერეულად გავაგრძელებ, ციხეში და ვივამედში. კლინიკაში თვეში ერთხელ მოვალ ხოლმე წამლების მისაღებად და შესამოწმებლად.
დიდი მადლობა ვივამედს, ყველა ექთანს, დამლაგებელს, ყველა თანამშრომელს ყურადღებისთვის. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ პენიტენციურ სამსახურთან გვქონდა კონსტრუქციული და საქმიანი თანამშრომლობა. მადლობა ყველა იმ ოფიცერს, რომელთანაც ამ პერიოდის განმავლობაში შეხება მქონდა. მიხარია, რომ ისინი გავიცანი. მათზე, რომ გამოვალ, მერე ვილაპარაკებ ბევრს.
ახლა კი დროებით, ერთი თვით, დავბრუნდები რუსთავის ქალთა ციხეში.
დიდი მადლობა ჩემს ექიმებს, მაკა იოსელიანს, ანი ქავთარაძეს და ყველას, ვინც შესაძლებელი გახადა ჩემი მკურნალობა“, წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.